„დღევანდელ დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები არც ერთი ბრალდებულის მიმართ არც ერთ ეპიზოდში“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიავმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„სასამართლომ ყველა ბრალდებული გაამტყუნა წარდგენილ ბრალდებაში. რა თქმა უნდა სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. დღევანდელ დღეს აღსრულდა ის სცენარი რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღევანდელ დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები არც ერთი ბრალდებულის მიმართ არც ერთ ეპიზოდში.
მოსამართლე ბუნებრივია, მოექცა საზოგადოებრივი მცდარი აზრის მარწუხებში, რაც შექმნილი იყო. ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო. მოსამართლემ ასევე დაამკვიდრა მახინჯი პრაქტიკა. განაჩენს ჩვენ აუცილებლად გავსაჩივრებთ საპელაციო სასამართლოში და იმედია, იქ მაინც დაგხვდებიან ღირსეული მოსამართლეები და მიიღებენ კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, ის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.











