საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის პერიოდში ასევე მანამ სანამ დადგინდება დიაგნოზი მათთან მიმართებაში, ტესტირება, რომელიც დღემდე იყო ორ კვირაში ერთხელ, შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო გადაუდებელი ექიმების ტესტირება, რაც ვთვლით, რომ დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაშიც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.











