“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია.
„ორი რამაა მნიშვნელოვანი – პირველი ის, თუ რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილი. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს, გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო ეკისრება, ხოლო მეორე, თუ როგორ განაგრძობს ცხოვრებას „ქართული ოცნება“ . აქ ჩემი ღრმა რწმენით, მათ საკმაოდ გაუჭირდებათ ერთიანობისა და ერთსულოვნების შენარჩუნება. ამ ადამიანებს არასოდეს არაფერი იდეოლოგიური არ აერთიანებდათ, ერთადერთი, რაც აერთიანებდათ იყო ხელისუფლებაში ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქვეშ ყოფნის სურვილი. ახლა პირველობაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, იგივე კალაძე, კობახიძე, გახარია. თუმცა, დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ვიდრე ამ ადამიანების ბედი. იმისთვის, რომ ჩვენ განვითარების რელსებზე დავბრუნდეთ, სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან სწორედ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა“, – განაცხადა თარხნიშვილმა.










