საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ პომპეოსთან სხვა ბევრი საკითხის გარდა, საუბარი იყო ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათ შორის ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობაზე.
„საუბარი იყო ეკონომიკაზე, ეკონიმიკის კიდევ უფრო წინ წამოწევაზე, მათ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე. მათ შორის ამერიკული ინვესტიციის მოწვევაზე საქართველოში. ყველფერი ეს აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც რეგიონშია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საუბარი იყო, არის კოვიდი და ის დახმარება, რაც ამერიკამ საქართველოს აღმოუჩინა საქართველოს პანდემიის პირობებში. იცით, რომ ახალ ვაქცინაში ამერიკული კომპანიები არიან ჩართულები და ამიტომ მომავალში ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ვაქცინას.
გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული სიტუაცია, ამერიკის როლის გაზრდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია აქვს ამერიკას“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, ამერიკა არ ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეში, თუმცა ყველას მოუწოდებს, რომ პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გაგრძელდეს.
„რა თქმა უნდა ჩვენ შევეხეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თქმას. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ პროცესები გადავიდეს პოლიტიკური ჭრილში, ყველაფერი დარჩეს კონსტიტუციურ ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მზაობაა და ამერიკაც დაინტერესებულია ქვეყანაში სტაბილურობით, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკური მიმართულებით და არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს“,- აღნიშნავს დავით ზალკალიანი.











