შაბათს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები დაუმორჩილებლობის აქციას აღარ ჩაატარებენ. ამის შესახებ „რესტორანთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
„გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არის ყინულის გალღობა და გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შეიქმნა.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს აქცია აღარ ჩატარდება, რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის იმ გადაწყვეტილების დაფასებაც, რაც ხელისუფლებამ გააკეთა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნე ბიზნესისთვის ღია სივრცეში გახსნა დადებითი იმპულსის მომტანია. ეს პროცესი რესტორნის უმრავლესობისთვის განსაკუთრებით ამ ამინდში არაფრის მომტანი არ არის, თუმცა მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს და ამას ერთობლიობაში განვიხილავ.
თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდვითარება ისევ ასეთ ციფრებში იქნება, ეს დაუმორჩილებლობის აქცია გადაიწევს რამდენიმე კვირით“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.











