გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის თქმით, მისმა ოჯახმა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები ოჯახმა მაშინ დაიწყო, რაც შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ხომასურიძის თქმით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
თამაზ ხომასურიძის თქმით, ის წარსულში რამდენიმე უწყებაში მუშაობდა, მათ შორის, კონტრდაზვერვაში, იუსტიციის სპეცრაზმში და დაზვერვის სპეციალურ დივერსიულ ჯგუფში. მისივე განცხადებით, ყოფილი თანამშრომლები ეხმარებიან დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში და საქმეში ჩართულია დაახლოებით 40-ზე მეტი პირი.
„ვერ გეტყვით ვინ მეხმარება საგამოძიებო მოქმედებებში. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები არიან, მათ შორის ხმის დაშიფვრის ოფიცრები.
სპეციალისტები ჩავნერგე, რომლებსაც სპეციალური სკოლა აქვთ გავლილი. ეს ადამიანები თავის დროზე რუსეთის აგენტებს ავლენდნენ.
ჩვენთვის ყველაფერი უკვე ნათელია. ახლა, ვაგროვებთ მტკიცებულებებს. ჩანერგილი გვყავს ხალხი ყველასთან ვინც საქმეშია. გამოიკვეთა ის, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან. ახლა უნდა დავაზუსტოთ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, თუ ის მოკლეს. “- განაცხადა თამაზ ხომასურიძე.











