შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ, რადგან მათმა ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ, ვასილ მამულაშვილმა და გიორგი გელხაურმა გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს.
მათ შორისაა, შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძე, რომელსაც პროკურატურამ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდებულებსა და მათ ახალ ადვოკატებს მტკიცებულებები უკვე გადაეცათ.
“რამდენიმე ადვოკატმა გაუთქმელობის ოქმზე არ მოაწერა ხელი, შესაბამისად მათ ვერ ჩაიბარეს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება არ დარღვეულიყო, მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, მას გადაეცა მტკიცებულებები და ასევე, თავად ბრალდებულს გადაეცა მტკიცებულებები. თავად ბრალდებული, ასევე სახაზინო ადვოკატი და ასევე, ის ადვოკატები, რომლებიც გაგნიძეს იცავენ, მაგრამ გაუთქმელობაზე არ მოაწერეს ხელი, გაფრთხილებულები არიან სიტყვიერად და წერილობით იმაზე, რომ მტკიცებულებების გასაჯაროება არ შეუძლიათ”, – აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება, ბრალდებულ ვახტან ჩიქოვანს, მისმა ადვოკატმა გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რადგან მისი აზრით, საქმის მასალები თავიდანვე არ უნდა გასაჯაროვებულიყო.











