დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არსებობს COVID-19-ის 5 დადასტურებული შემთხვევა, სადაც ინფიცირების პირველწყარო ვერ დგინდება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს გარკვეული ნიშნები არის, რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის კვლევებიც მიმდინარეობს. დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, რომლის ყველა წყარო დადგენილია, მაგრამ დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, არც თუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ- 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ 5 შემთხვევიდან ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველწყაროზე, ამიტომ მე გავაკეთე პრევენციული განცხადება“, – ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„იქმნება ილუზია საზოგადოებაში, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ და რომ შეგვიძლია, ისევ ისე დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 13 პაციენტი გარდაიცვალა, 690 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.











