საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა გუშინ გამართული ონლაინ შეხვედრის დეტალები.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა.
„კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი – „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც 2019 წლის 19-20 ივნისის აქციის მონაწილეებს ნაციონალისტებს უწოდებენ.
ამ განცხადებას სხვადასხვა გამოხმაურებები მოჰყვა ქართველი ოპოზიციონერების მხრიდან.










