შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, კახეთში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
თეა ახვლედიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლამბალოში, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდაში, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
„ჩვენი აპარატის ორგანიზებით, არა მხოლოდ დახმარების აქციები, არამედ კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიაც მიმდინარეობს. ასეთ კამპანიებს ვატარებთ იქ, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმირების კამპანია, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ავტორი: თეა შონია











