ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე შეიძინონ, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე.
მინისტრის თქმით, 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით და კონკრეტული გრაფიკით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული.
სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში.“ – აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.
„მოვუწოდებთ ავიაკომპანია „აირზენას“, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.











