საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება შეუძლებელია. მისივე თქმით, მნიშვნალოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას,“ – განაცხადა გახარიამ.











