„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაურესდა და ახლა საკმაოდ საშიშ ფაზაში შევდივართ“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„ტალღების დარქმევა არის პირობითი, საქართველოში ეპიდემიის პირველ პერიოდს ტალღისებური მიმდინარეობა არ ჰქონია. გახსოვთ ალბათ იყო 20-30 შემთხვევა დღის განმავლობაში. ახლა კი ამას მეორე ტალღას დავარქმევთ, თუ უბრალოდ ეპიდსიტუაცია გაურესდა, ვთქვათ, წინა თვეებთან შედარებით, ეს პირობითია.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ახალი შემთხვევები იმატებს, ეს არის ძალიან საყურადღებო, შევდივართ საკმაოდ საშიშ ფაზაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონვა, როგორც ეპიდემიოლოგების მხრიდან ასევე საზოგადოების მხრიდანაც. ჩვენ რაც გვევალება, საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერ ჩვენთაგანს, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და ხელი შევუწყოთ ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს, რომ რაც შეიძლება სტაბილური დარჩეს სიტუაცია“, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი, 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი.











