შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
იმნაძის თქმით, შეზღუდვების ფონზე კოვიდვითარების დასტაბილურებას 10-14 დღის შემდეგ უნდა ველოდოთ.
„სამწუხაროდ, ფაქტია, ჯერ არ არსებობს იმის იმედი, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება კატასტროფული არ იყოს. აქედან გამომდინარე, იმედი იმის, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდება ვითარება, უნდა გვქონდეს 10-14 დღის შემდეგ. ჩვენ ძალიან ცუდი გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, ესეც შემიძლია ვთქვა. რომ არ დაწესებულიყო ის შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება, დაახლოებით ოთხჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის. რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მაგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა, რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც. აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
რა იკრძალება 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით – გადაწყვეტილება ცნობილია











