საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა ხაბარელის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის კომპონენტი უნდა გამოეყოს.
„მოვუსმინეთ განათლების მინისტრს ძალიან ბევრ საკითხს შეეხო, განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო სპორტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ის პრობლემა, რომელიც არსებობს ქართულ სპორტში გამოსწორებას ექვემდებარება და ამის მზაობა არსებობს ხელისუფლებისგან. იქნება უკეთესი თუ სპორტი იქნება ცალკე ერთეული, ეს რა ფორმით იქნება ჯერ არ ვიცი, მაგრამ არის წინადადებები. შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის სახით ან საქვეუწყებო დეპარტამენტი, აქედან გამომდინარე სპორტში არსებობს ბევრი გამოწვევა მით უმეტეს მასობრივ სპორტში. ვფიქრობ რომ სპორტი უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი. მე დავაყენე ეს საკითხი და უნდა მოვისმინო პასუხი“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ სპორტი განათლების სამინისტროს გამოეყოფა, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სპორტის მინისტრობის კანდიდატურაზე, ხაბარელი ასე პასუხობს:
„მე ვარ იქ სადაც ვარ. გახლავართ სპორტის კომიტეტის წევრი, უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის და ვფიქრობ და მინდა ის ფუნქცია შევასრულო, რასაც ჰქვია სპორტზე ზედამხედველობა და მონიტორინგი“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.










