შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.











