შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებმა, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თელავში დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თელავში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. შ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში, გუშინ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
ინციდენტის შედეგად, გარდაცვლილია სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედაა დაჭრილი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.











