საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მინისტრის მოადგილემ არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
„10 საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











