შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მედიას მოუწოდებს პირდაპირ ეთერში არ გადასცეს საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერიის წინ მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში ყაჩაღები შეიჭრნენ. ისინი ცეცხლსასროლი იარაღითა არიან შეიარაღებული. არსებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლების ნაწილი სახურავზე იმყოფებიან. პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს.
„პრაიმტაიმნიუსი“ ითვალისწინებს შსს-ის განცხადებას და პირდაპირ ეთერს წყვეტს.











