„მე ვფიქრობ, რომ შსს მზად არის ბადრი ესებუა დააკოს, მაგრამ უწყებას რაღაც აკავებს“,- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, ბადრი ესებუას დაკავება სირთულეს არ წარმოადგენს.
„შეიძლება შსს უნდა ესებუას დამხმარე პიროვნებებიც დააკავოს და ჯერ მათი გამოვლენა უნდათ. ფაქტია, რომ ეს რაღაცით არის განპირობებული, თორემ მე ვფიქრობ რომ შსს-ს მისი დაკავება შეუძლია, მაგრამ არ აკავებს. ჩემი გაგებით, მისი დაკავება არ წარმოადგენდა სირთულეს. ესებუას დაკავება შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ ჯერ და ამას თავისი არგუმენტაციაც ექნება. შეიძლება ჯგუფურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადება ჩემი აზრით მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეეძლო“,- აცხადებს ფრიდონ ინჯია.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. შემთხვევა 25 ოქტომბერს მოხდა.
ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











