საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას;
- საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
- სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი;
- ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის განსაზღვრაულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტები;
- საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.











