სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ. დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.
რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.
ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია. რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.











