ბათუმში ევროპის მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „სოლიდარობა ვახო სანაიას“, „მე მაინც ვიტყვი“, „არა ძალადობას“ – ამ სახის ბანერებით ჟურნალისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობის ფაქტი დაგმეს.
„ჟურნალისტები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას ვახო სანაიას. ძალადობა ნებისმიერი ფორმით დასაგმობია, სიძულვილი არ უნდა იყოს წახალისებული და რაიმე ფორმით გამართლებული. ველოდებით საგამოძიებო ორგანოს რა სახის რეაგირება ექნება ფაქტზე,“ – განაცხადა tv 25 ის საინფრომაციოს უფროსმა სულხან მესხიძემ.
ცნობისთვის, 24 თებერვლის გვიან ღამით, ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











