„სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ მათ მახინჯ პოლიტიკაში აისახება. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თუ ისინი თავიანთ მახინჯ გეგმებზე უარს არ იტყვიან, ამას სერიოზული შედეგები მოყვება“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას APA ავრცელებს.
„ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან, მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი ტოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. ტოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ “,-განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ცნობისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.








