„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, – .ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











