საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვს.
ადგილობრივების ერთმა ნაწილმა, ტერიტორიაზე, რომელიც სადაოა, თხრილის გაყვანის სამუშაოების დაწყება გააპროტესტა.
მოსახლეობის ინფორმაციით, 2016 წელს, მიწის აღიარების კომისიამ მოსახლეობისგან ფარულად, ათი ჰექტარი საძოვარი გაასხვისა. ამის შემდეგ, მიწა სხვადასხვა პირზე სამჯერ გაიყიდა.
სოფელმა სარჩელით სასამართლოს მიმართა და პირველ ინსტანციაში საქმეც მოიგო, თუმცა პირობითმა მფლობელმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ საქმეზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საძოვრების ტერიტორიაზე თხრილის გაყვანის უკანონო სამუშაოები დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ალექსი გილაშვილის განმარტებით, მფლობელმა ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე შეწყვიტა.
მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე საძოვრების ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვეტილია და მფლობელი მას პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებს.
რაც შეეხება გასხვისების კანონიერების საკითხს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი- განაცხადა გილაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











