ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
„ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.
„მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების.
ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1-ლი დეკემბრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.
მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1-ლი ნოემბრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.