ამ წუთებში ქობულეთის მერიასთან სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები მერთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით შენობა, სადაც ცხოვრობენ, აუქციონის წესით ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა და არჩევნების შემდეგ შენობიდან მათ გამოსახლებას აპირებს. ისინი ითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ ან გაუქმდება აუქციონი ან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილდებიან.
„გვემუქრება მეპატრონე, დასრულდება არჩევნები და გამოგასახლებთო. კი დაგვპირდა მერი, რომ არავინ არ გამოგასახლებთო, მაგრამ მოგვცენ ოფიციალური დოკუმენტი. გააუქმონ ეს აუქციონი და ფართი დაგვირეგისტრირონ საკუთრებაში. არ დავიშლებით, თუ არ შეგვხვდება მირიან ქათამაძე, კარვებს გავშლით აქ და დავჯდებით“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ერთ-ერთმა აქციის მონაწილებ თავის დაწვა სცადა, ხოლო ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა.
საპროტესტო აქციას ქობულეთის მერი გამოეხმაურა. როგორც მირიან ქათამაძე აცხადებს, დღევანდელი პროცესი გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ არის ორგანიზებული. თუმცა ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოგვარდეს ამ დამიანების საცხოვრისის საკითხი.
“არსად არაფერს არ გავრიდებულვარ, შედგა ჩემი შეხვედრა. არერთი შეხვედრა შედგა ამ მოსახლეობასთან. ტელევიზიაც იღებდა იმას რაც ვთქვი, რომ მაქსიმალურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოსახლეობის ინტერესები საცხოვრისთან დაკავშირებით იყოს დაკმაყოფილებული. დაკმაყოფილებული ნიშნავს, რომ დაიწყება არა თუ მოხდება გამოსახლების პროცედურა, პირიქით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქობულეთის მუნციპალიტეტისა და ინვესტორს შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკების პროცესი. ეს საკითხი პირველ რიგში სამართლებრივად უნდა იყოს გამყარებული. ყველა ადამიანმა იცის, რომ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ზოგიერთი ადამიანისა და პოლიტიკური ძალების მიერ მიმდინარეობს ამ პროცესის ფორსირება და გამოყენება სათავისოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც შეეხევა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ის რაც ჩვენ გვაინტერესებს და ამ მოქალაქეებს აინტერესებს.
ეს არის ამ ადამიანების დაკმაყოფილება ჯეროვანი საცხოვრისით და რაც მთავარია სამართლებრივად ამის დამაგრება. დღეს მაგალითად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ელოდა თითოეული ოჯახიდან ზუსტ მონაცემებს იმისა, თუ რამდენ კვადრატულ მეტრს ფლობენ იმის მიხედვით, პროპორციულად როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესები საცხოვრისთან დაკავშირებით. ამაზე ძალიან რეაულური აქტიური მუშაობა მიდის და შესაბამისად ეს დარწმუნებული ვარ მივა ზუსტ იმ შედეგამდე, რაც მოქალაქეების ინტერსებში შედის. ეს არის ის რაც დღეს შემიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რაც შეიძლება მალე გვინდა ამ ინფორმაციის მოწოდება, რომ უფრო და უფრო მეტ პრაქტიკულ მუშაობაზე გადავიდეთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნება რაც არის პირველ რიგში არის იმისა რომ ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში. ძალიან მყარია ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე საუბარი არის ყველაზე მნიშვნელოვანზე, ერთი მიმართულება, ყველაზე რეალური არის ის რომ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ინვესტიციას, როდესაც განახორცილებეს საცხოვრებელ სახლს , აუცილებლად ამ 12 ოჯახისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული პროპორციული საცხოვრებლად გამოსადეგი ფართი. ეს არის პირველი საკითხი რომელთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ”- განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











