კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც,-ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, კონკრეტულ ვადაზე და სხვა დეტალებზე, რომელიც ნიკა მელიას საქმეს ეხება, დღეს საუბარი არ ყოფილა.
„ირაკლი ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც.
როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა, ან განხილვა დამთავრდა და მიესაჯა პატიმრობა, საქმე აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
ამ კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წინასწარი პატიმრობა, ის აუცილებლად შევა ციხეში. საუბარი არის კონკრეტულად მელიაზე. ვადაზე და ა.შ. დღეს ნამდვილად არ იყო ამაზე საუბარი“,- განაცხადა სოზარ სობარმა.











