ბუქარესტში, ნატოს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ჩვენ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს. ეს ქვეყნები ნატოს წევრები რომ გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ,– ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, გახდება თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატოს წევრი, ეს თავად სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამ პროცესის უარყოფა კი რუსეთს არ შეუძლია.
„გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს წევრი, ეს თავად ამ ქვეყნის და ნატოს წევრების გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ზოგჯერ იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთს აქვს ვეტო, რომლითაც ქვეყნის ნატოში გაწევრიანება შეუძლია უარყოს. საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, შემოგვიერთდეს“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.











