სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
როგროც განხადებაშია ნათქვამი, ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.
„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს,“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.











