სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს შსს-მ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარეღებული პირი დააკავა, არ ადასტურებს.
„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთში ქართულმა მხარემ დააკავა 2 რუსი სამხედრო, რომლებიც საქართველოს მოქალაქეს დასაკავებლად მისდევდნენ.











