„მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ სუსში დაბარებული ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ფულის დარიგების შესახებ ბაზარში გაიგო. ამის შესახებ მან გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„მე ბაზარში გავიგე, როგორ ამბობდნენ, რომ თურმე ფულს სთავაზობდნენ ვიღაცას იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ. კონკრეტული მაგალითი არ მაქვს ნანახი. მე ისიც ვთქვი სიუჟეტში, რომ ჩემი ნათესავი გარდაიცვალა გულის დაავადებით და შესთავაზეს თუ არა თანხა, არ ვიცი“, – განაცხადა ზანურა ტალიბოვამ.
მისი ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, ის უბრალოდ ვიღაცის მონაყოლზე დაყრდნობით საუბრობს და რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს.
ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრები ორი ქალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ სიუჟეტზე, სადაც ზემოაღნიშნული რესპონდენტები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დიაგნოზის ჩაწერას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახს 10 000 ლარს სთავაზობდნენ.











