აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აზრბაიჯანელ ხალხს ლაჩინის რაიონის გათავისუფლებას ულოცავს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ და ოფიციალურმა ბაქომ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა.
„ეს რეალობა აზერბაიჯანმა შექმნა. მტერი ჩვენი მიწებიდან განვდევნეთ. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები შევასრულეთ. ეს რეზოლუციები 27 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინეთ და ოკუპაცია დავასრულეთ. რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატი შევქმენით“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ამასთან, როგორც ალიევი აღნიშნავს, ტერმინი „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“ წარსულს ჩაბარდა.
„საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. თუ ასე მოგწონთ ისინი, გადაეცით მათ ქალაქი მარსელი, შეუცვალეთ მას სახელი და მანდ შეუქმენით მეორე სახელმწიფო. ვერავინ ჩაერევა ჩვენს საქმეებში. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ტერმინი „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“ წარსულს ჩაბარდა. არავის ვურჩევ ამ ტერმინის გამოყენებას. მხოლოდ ისტორიის კონტექსტში შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება“, – დასძინა ილჰამ ალიევმა.











