თალიბანი ავიაკომპანიებს საერთაშორისო რეისების აღდგენისკენ მოუწოდებს. როგორც ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, აეროპორტმა ფუნქციონირება სრულად განაახლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თალიბანის განცხადებით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი, რომელიც ევაკუაციის დროს დაზიანდა, უკვე გახსნილია.
ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ საზღვარგარეთ მყოფ ბევრ ავღანელს პრობლემები შეუქმნა.
მისივე განცხადებით, ავღანელები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„რადგან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის, სრული თანამშრომლობის გარანტიას ვაძლევთ ყველა საერთაშორისო კომპანიას“, – აცხადებს სპიკერი.
ქაბულში საერთაშორისო ავიარეისები მას შემდეგ შეწყდა რაც ქვეყნაში ლიდერობა თალიბებმა მოიპოვეს.











