„კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პრევენციული ზომების კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო.
„ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 30 ათასის ფარგლებში მერყეობს და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამჟამად 2639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში. 594 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 158 გახლავთ რეანიმაციებში. 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება და ეტაპობრივად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა.











