„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“, „აბაშიძე-კარასინის სერიული სერიალი“, „ხელისუფლებამ ოკუპაცია უნდა აქციოს მთავარ დღის წესრიგად“,- ამ სახის ბანერებით ბათუმში მთავრობის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გამართეს და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. აქციის დასასრულს „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ პროტესტის ნიშნად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურათი დაწვა.
„ზუსტად არ გაღიზიანების პოლიტიკამ გამოიღო ეს შედეგი, რომ დღეს ჩვენივე ტერიტორიებზე ადამიანებს იტაცებენ. მინდა დავწვა პუტინის სურათი და ამით ვუთხრა ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს და ნუ არის პასიურ რეჟიმში. გია ვოლსკის განცხადება კი, რომ ზოგს დაიჭერენ და ზოგს დააკავებენ, არის სამარცხვინო“,- განაცხადა ხათუნა ბერიძემ.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და ის ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ნაირაა ქობულაძე











