„დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ რეაბილიტირებული ე.წ. კიკვიძის პარკის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ღია სივრცეში 200 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ირღვევა, თუმცა დარწმუნებულია, რომ თბილისელები მათ ამას აპატიებენ.
„თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და ჩვენს გარემოს არ მოსწონს. მაგრამ თბილისის მერია, თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს. რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი და დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია ეს არ გავიხსენოთ.
ამიტომ, მინდა თბილისს, თბილისელებს, ვუსურვე მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული.
მადლობა თბილისის მერიას, მადლობა მერს. საამაყო მერი გყავთ, წარმატებები და ყველგან გამარჯვებით, ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











