„პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის 93-ე საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დიღმის მასივში მდებარე ბაღი წელს პირველად გაიხსნა და უკვე 300-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, თუმცა კოვიდინფექციის დადასტურების შემდეგ ბაღმა მუშაობა შეაჩერა.
ინფორმაცია ბაღის დირექტორმა, ლამარა ტყავაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, სპეცპედაგოგს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბაღთან შეხება ბოლოს 6 ოქტომბერს ჰქონდა, ანუ მაშინ, როდესაც სააღმზრდელო პროცესი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი.
„მას თანამშრომლებთან შეხება ჰქონდა 6 ოქტომბერს… იმ დღეს სახლში მისულს დაუფიქსირდა ტემპერატურა და სამსახურში აღარ გამოცხადებულა. გუშინ მიიღო ტესტის პასუხი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვებთან შეხება არ ჰქონია სააღმზრდელო პროცესი გავაჩერეთ. თანამშრომლები, ვისთანაც 6 ოქტომბერს ან მანამდე ჰქონდა კონტაქტი, ყველა კარგად გრძნობს თავს“, – ამბობს ბაღის დირექტორი.











