თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება. ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.
სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე ადგილებზე არსებობდა, ძალაში რჩება“, – აცხადებს ბენდელიანი.
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.











