თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სერვისცენტრებში რიგების დაცვა უზრუნველყონ, რომ პატარა სივრცეში ბევრმა ადამიანმა თავი არ მოიყაროს.
„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება.
შესაბამისად, მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში არსებულ რიგებს, რომ არ იყოს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, დავიცვათ რიგები და ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, დამცავი საშუალება, ვეცადოთ, რომ დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.
აქვე, კახა კალაძემ გამგებლებს დაავალა, რომ უფასო სასადილოებში ყველა მოხუცი პირბადით უზრუნველყონ.
„ასევე, იმ ადამიანის, ვინც კონკრეტულ ადამიანს ემსახურება. გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს და ადამიანებს ვემსახურებით, მაქსიმალურად, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.











