თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა მაგდა ხოჭოლავას, რომელიც ამ დროისთვის იტალიაში იმყოფება. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოში დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაშიც იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის გიორგი ლობჟანიძის კურსელი იყო და მას თავდებში ჩაუდგა. მასთან ერთად, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს თავდებში ათზე მეტი ექიმი ჩაუდგა.
დაზარალებულის მამის, მირზა ცირეკიძის განცხადებით, ოჯახი პროკურატურის მუშაობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი გუშინ დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.











