ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დადგინდება პირობები, რა შემთხვევაში გაუკეთდება მოქალაქეს PCR ან ანტიგენზე დამზადებული ტესტი.
„როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების-ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე.
ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და PCR-ს შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა.
ანტიგენის ტესტი თავისი მგრძნობელობით თითქმის მიუახლოვდა PCR-ის სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება PCR-ი და ვის ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.











