საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ იოსებიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოედანს ამ დღეებში გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ხეჩიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით აპირებენ გიორგი შაქარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩატარებასაც.
„ის იყო და დარჩება ჩვენი ოჯახის წევრად და მისი ოჯახიც, მისი მშობლები, გაიხარებენ იმით, რომ იმ სტადიონზე პატარა ანგელოზები, მასავით ნიჭიერი ბავშვები დაფრთიანდებიან და ასახელებენ საქართველოს“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.
თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.
- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
- გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები:
- შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
- ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში (0,85% ეთილის სპირტი) და ასევე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია
კერძო საექსპერტო ცენტრის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალეკო გეჯაძე გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო წყალში გადაადგილებით.
„ეს დაზიანებები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. რომელიც დაზიანება, რომელიც საგნით იყო მიყენებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება მიეღო, ამ საკითხზე, მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას“.
„ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“.
„ნაკლებ სავარაუდოდ, რომ ეს დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ იყოს მიყენებული, თუკი ეს ცემის შედეგად მოხდა“.
პროკურატურის პოზიცია
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
აღნიშნული მუხლით სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოჯახის პოზიცია
ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია საზოგადოებას გარდაცვლილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააცნო.
ნიკოლაძის თქმით, „ტოიოტა ქამრიში” მყოფი ექვსივე პირი 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.
კითხვაზე, ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:
„ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.
ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მისივე თქმით: „ყველა დაზიანება, ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს“.











