თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტების შემოღება იგეგმება – ამის შესახებ საუბარია “თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამაში”, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა.
პროგრამა რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რომელშიც მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვებიან. საათნახევრის განმავლობაში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი, რომლის ღირებულება 50 თეთრი იქნება. ახალი სისტემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე BM.GE-სთან აცხადებს, “საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” სხვა ცვლილებებთან ერთად გათვალისწინებულია მგზავრობის ერთკვირიანი/ერთთვიანი აბონემენტების შემოღება. მისი განმარტებით, ერთკვირიანი და ერთთვიანი აბონემენტების ფასი შეღავათიანი იქნება, თუმცა, მგზავრებს თავად შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი – ისარგებლონ ჩვეულებრივი ტარიფით, თუ უღირთ შეიძინონ აბონემენტები.
შალვა ოგბაიძის განცხადებითვე, მსგავსი აბონემენტები უცხოეთში უკვე დიდი ხნის პრაქტიკაა და საკმაოდ კარგად მუშაობს, მათ შორის ტურისტების შემთხვევაშიც.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” გაწერილია, რომ აღნიშნული სისტემა ქვეყანაში 2023 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. შალვა ოგბაიძე განმარტავს, რომ ეტაპობრივად მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ქსელი გამართული იყოს. აბონემენტების ტარიფებიც და ვადიანობაც მოგვიანებით დადგინდება.
წყარო:BM.GE











