საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული „თელასის“ 24.5%-იანი წილი “ბესტ ენერჯი გრუპმა” იყიდა.
საჯარო აუქციონის საწყის ფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი გახლდათ 50 000 ლარი.
„ბესტ ენერჯი გრუპი“ რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან – „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტრო სისტემის განვითარებასა და მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.
„ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა “Feedc”-ს. ამასთან ერთად გაცნობებთ რომ კოვიდ19-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.
„სიბიეს ჯგუფის“ სამოქმედო სტრატეგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილება გახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა“,- აღნიშნულია ბიზნეს ჯგუფის განცხადებაში.
ცნობისათვის, სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”.










