თელავის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა წყალი მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდებათ, მრიცხველები მათ გადასახადს გაუძვირებს.
„21 -ე საუკუნეში, დღე- ღამის განმავლობაში, წყალი მოგვდის 2 საათით. ვაგროვებთ რეზერვუარებში, სხვაგვარად, ალბათ პირსაც ვერ დავიბანდით. ამ ორსაათიან მოწოდებაში გვიპირებენ გადასახადის 10- 15 ლარამდე გაძვირებას. რასაც ახლა ვიხდით, მოწოდების შესაბამისია. თან, რა წყალს გვაწვდიან, ყველანაირად უხარისხოს. ნება იბოძონ, მოგვცენ 24 საათიანი მომარაგება და დაამონტაჟონ მრიცხველი“, – განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცირა კაციაშვილმა.
კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მრიცხველის გარეშე, სასმელი წყლის მიწოდება ვერ გაუმჯობესდება. კომპანიის ხელმძღვანელის, ჯონი ოსიაშვილის ინფორმაციით, თელავში, 4 ათასი აბონენტი უკვე გამრიცხველიანებულია.
„სხვაგვარად მომარაგებას ვერ გავაუმჯობესებთ. ამისთვის იხარჯება თანხები, რომ გადავიდეთ ნორმალურ მომარაგებაზე, სხვაგვარად უყაირათო ხარჯვას ვერ შევაჩერებთ“, – განაცხადა ოსიაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის.
მოხმარებული წყლის საფასური ერთ სულზე, 1 ლარი და 20 თეთრია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











