თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შესაძლოა 20 ჰექტარი სოფლის საძოვარი გაიყიდოს. ამის შესახებ ადგილობრივები, საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობენ.
ადგილობრივების ამბობენ, რომ საჯარო რეესტრმა, კისისხევში 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის სტატუსის შეცვლა და მისი ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, აქუციონზე გაყიდვის გატანის მიზნით განახორციელა.
„ჩვენი ინფორმაციით, ეს ადგილები, ღვთაების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, „გასაყრის“ მიმდებარე ტერიტორია და ბახუტაანთკარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს გამოაქვს აუქციონზე გასაყიდად.
ამის შედეგად, სოფელი დაკარგავს უამრავ საძოვარ ადგილს, უძველეს ისტორიულ ძეგლებს და ტყეში შესასვლელ რამდენიმე გზას. საერთო ჯამი ფართობის 20 ჰექტარია.
აღსანიშნავია, რომ მიწა ცოტახნის წინ გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში, მანამდე კი იყო სატყეო ფონდში. იცით, რომ სატყეო ფონდს გაყიდვის უფლება არ აქვს, ამიტომ ცოტახნის წინ ის ეკონომიკის სამინისტროს დაურეგისტრირდა“, – ამბობს კისისხევში მცხოვრები, ვალერი ბოჭორიშვილი
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ კისისხევში გია მეტრეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, აცხადებს, რომ მიწა არ იყიდება.
„ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გვქონდა საუბრები და მიწა არ იყიდება. რატომ შეეცვალა სტატუსი და რა მოხდა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. საკრებულოს სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ გავერკვეთ ვითარებაში, მეტი დეტალი არ ვიცი“,- განაცხადა მეტრეველმა.
სოფელ კისისხევში მდებარე სამი ფართობი, 10, 5 და 5, სულ 20 ჰექტრის ოდენობით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რამდენიმე თვის წინ არის გადაცემული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











