მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს, დისტანციურად გააგრძელებს, – ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.
სკოლაში პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი. ამიტომ შექმნილი ვითარების გამო, მიღებულია გადაწყვეტილება და სკოლა გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე.
რაც შეეხება მეცხრე საჯარო სკოლას, იქ ინფიცირებული არიან მოსწავლეების მშობლები და დღეს, მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა ბავშვების სკოლაში მიყვანაზე უარი განაცხადა- თქვა შიოშვილმა.
რამდენი ხნით დარჩება პირველი საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევა თელავის პირველ საჯარო სკოლაში, გუშინ გამოვლინდა.
კოვიდ-19 დაუდგინდა, სპეც მასწავლებელს, რომელიც ორ მოსწავლესთან მუშაობდა.
ეპიდემიოლოგებმა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
მასწავლებლის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია.
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150- ს გადააჭარბა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











