თელავის საჯარო სკოლებში მეორე სემესტრისათვის საჭირო წიგნების საკმარისი რაოდენობა არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ, მოსწავლეების მშობლები ადასტურებენ.
„დაიწყეს უკვე წიგნების დარიგება, მაგრამ ყველასთვის საკმარისი არ არის. რაც არის, ისიც ნახმარი წიგნებია. ვინც ადრე მივა სკოლაში, ის მიიღებს. ვისაც არ შეგვხვდა, არც ვიცით, რა ვქნათ. ზოგიერთ საგანში ელექტრონული ვერსიაც არ არსებობს, რომ გამოვიყენოთ“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
თელავის მეცხრე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელის, თინათინ ჯავახიშვილის განმარტებით, წიგნების შემოსვლა, შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ შეაფერხა.
„წიგნების საკმარისი რაოდენობა, ჯერჯერობით, ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ამ ვითარებამ შეაფერხა და წიგნებს შემოიტანენ. ყველა ველოდებით, რომ შეგვივსებენ და ყველა მოსწავლისათვის საკმარისი იქნება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
თელავის საგანმანათალებლო რესურს-ცენტრში კორონავისრუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, სამსახური დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა, სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს ცენტრის თანამშრომლები არ პასუხობენ.
განმარტებას წიგნების დეფიციტთან დაკავშირებით, არც განათლების სამინისტროში აკეთებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











